„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კუკულაშვილმა სრულად დააკამაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე.

ფულადი თანხის გარდა, დამენიას ქვეყნის დატოვების უფლებაც შეეზღუდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მათი თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ის ქვეყანაში სწორედ სასამართლო პროცესისთვის დაბრუნდა.

ბრალდებულმა კახა დამენიამ განაცხადა, რომ ბრალი მაშინ წაუყენეს, როდესაც საქართველოში არ იმყოფებოდა.

„ბუნებრივია, ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს, როდესაც დაიწყება არსობრივი განხილვა, რომ არანაირი საფუძველი ამ ბრალს არ აქვს. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ, ყველაზე მთავარი არგუმენტი – ბრალი წამიყენეს ისე, რომ არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი. შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ თეორიულად არსებობს საშიშროება მიმალვის და პრაქტიკაში გვაქვს ის, რომ შევწყვიტე მკურნალობა. ასეთ დროს რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბუნებრივია, იქ არგუმენტაციაზე და ლოგიკურ აზროვნებაზე ძნელია საუბარი“, – განაცხადა დამენიამ.

როგორც პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე ბრალდებულის მხრიდან, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, ამავე დროს ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

„მიმაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში და ჩამობრძანდა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულ კახაბერ დამენიასთან მიმართებაში თავის ქმედებით ასაბუთებს, რომ აბსტრაქტულ საფრთხეს არ ეფუძნება. როდესაც ის იმყოფებოდა თურქეთში სამკურნალოდ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარემ, რომ მისი ეს ქმედება არ იყო საგამოძიებო ორგანოსთვის თავის არიდებისთვის წასვლა, გავითვალისწინეთ, რომ ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდა და თავი შევიკავეთ იმ მომენტში შუამდგომლობით მიგვემართა სასამართლოსთვის მაშინ, როდესაც ამის სრული უფლება გქონდა. დაველოდეთ მის ჩამოსვლას და ამის შემდეგ მივმართეთ“, – განაცხადა პროკურორმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.