„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - ნინო ნიჟარაძის ინტერესი თავიდანვე იყო, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - ნინო ნიჟარაძის ინტერესი თავიდანვე იყო, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საჩივარი, რომელიც ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა არ არის დასაბუთებული.

როგორც დიტო საძაგლიშვლიმა აღნიშნა, დღეს ნინო ნიჟარაძის ადვოკატისგან საზოგადოებამ მოისმინა ტყუილების კასკადი.

„საუბარი იყო იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ისთვის დამაზიანებელი კონტრაქტი იქნა გაფორმებული სარეკლამო გაყიდვებთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება რეალობას. პირიქით, ეს ხელშეკრულება იყო „რუსთავი 2“-ის საუკეთესო ინტერესებში დადებული და ეს შედეგითაც დადასტურდა. რაც შეეხება განცხადებას, რომ თანხები მიედინება სადღაც, რათა ამოქმედდეს სხვა ტელევიზია და საუბარია ტელეკომპანია „მესამეზე“, ესეც ტყუილია. პარტნიორთა კრებაზე ყავლაშვილს ვუთხარით, რომ არანაირი ტელეკომპანია „მესამე“ არ არსებობ, „მესამეს“ სახელით მაუწყებლობა ხორციელდება „რუსთავი 2“- ის ავტორიზაციის ქვეშ. ეს ტელეარხი „რუსთავი 2“-ის საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, ვერსად ვერაფრის გადინება ვერ მოხდება. საჩივარი არ არის დასაბუთებული და უბრალოდ, ეს არის საკითხის აწევა ხელისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ იქნებ რამე დანაშაული გამოჩიჩქნონ და მისცენ პასუხისგებაში. ნიჟარაძის ინტერესი თავიდანვე იყო ის, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გამოჩნდა მაშინაც, რომ ის არ წასულა სტრასბურგში და არ მოუთხოვია საკუთარი უფლებების დაცვა, როდესაც საკუთრება წაართვეს. სტრასბურგი არ არის უფლებამოსილი თქვას, ძალაშია უზენაესის გადაწყვეტილება ან გააუქმოს. სტრასბურგი მსჯელობს, დაირღვა თუ არა ჩვენი უფლებები“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში დღეს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.