რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულ პოლიციელს შესაბამისი კვლევები უტარდება.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს პირველ არხს მიაწოდა ინფორმაცია ორი დაშავებული მოქალაქის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, 44 წლის მამაკაცი, ინგოროყვას კლინიკაში გულმკერდის ტრავმით შეიყვანეს, საიდანაც უახლოეს საათებში გაწერენ. მეორე, 27 წლის მამაკაცი კი „ნიუ ჰოსპიტალიდან“ უკვე გაწერეს. ის აქციის დაშლის დროს შეუძლოდ გახდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამედიცინო დახმარება ცხრა პირს გაეწია.