დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, 3 975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი ირგვება.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, გამწვანების ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
„დედაქალაქის მერია შპს „ეკოსერვის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს რუსთაველის გამზირს, 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების ფარგლებში ირგვება დაახლოებით 800 ერთეულამდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგდა უკვე გამწვანებული თარგების ნაწილი, სადაც შეიცვალა მწვანე საფარი და აღდგა სარწყავი სისტემა. გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად შეირჩა სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია. მერიის ცნობით, „მაგთის“ შენობის წინ გუშინ დაირგო 4 ძირი ჭადარი. გარდა ამისა, ამ და პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და 9 ძირი ფოტინია დაირგვება.
გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.