განათლების სამინისტრო თბილისისა და რუსთავის სკოლებში 5500 ხეხილის ნერგის დარგვას გეგმავს
განათლების სამინისტრო თბილისისა და რუსთავის სკოლებში 5500 ხეხილის ნერგის დარგვას გეგმავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 მარტიდან, თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლაში 5500 ხეხილის ნერგი დაირგვება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

„პატრიარქის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი სკოლების გამწვანების პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლას გავამწვანებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამწვანებულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო. ეს აქცია გაგრძელდება და იმედი მაქვს, ყველა მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ხეების მოვლა-პატრონობაში,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხეხილის ნერგები გადასცა.

აღნიშნული ნერგებით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისსა და რუსთავში მდებარე საჯარო სკოლების ეზოები გამწვანდება. სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გამწვანების აქციები მომავალშიც გაიმართება.