რუსთაველის გამზირზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ, ზაჰესის იზოლატორი დატოვა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა.
როგორც აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულის მოთხოვნით, უფლებადამცველი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, თუმცა გაცნობილია, იცის რისთვისაც არის დაკავებული და აღნიშნულში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ედავებიან ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას და ძალადობას. ვინაობას არ ვასაჯაროებ მისივე სურვილიდან გამომდინარე.
ბრალიც არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, ბრალდება რაში დასდებს მას ბრალს და რა ეპიზოდებს წარუდგენს, ჩემთვისაც უცნობია. აქედან გამომდინარე, პოზიციას ვერ ვიტყვი, თუმცა აღვნიშნავ, რომ ძალადობასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დღეს ან ხვალ, ამას გამოძიება გადაწყვეტს, გამომძიებელთან ერთად შემოვალთ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სავრაუდოდ ბრალს წარუდგენენ. ვერ მოგახსენებთ, შემდეგ უკვე შევლენ თუ არა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განსახილველად“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო რვა პირი. მათგან ერთს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთს კი 2 300-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დანარჩენი ექვსის სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.