რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას საია გაუწევს
რუსთაველის გამზირზე, სოლიდარობის აქციაზე დაკავებულებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იურიდიულ დახმარებას გაუწევს. აქციის მონაწილეებმა დღეს იურისტებს დაკავების მომენტში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე და სხვა კანონდარღვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია .
როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ აღნიშნა, შეხვედრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც იგეგმება.
„ჩვენ ვაპირებთ დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შევხვდეთ, განცხადებები გადაგზავნილი გვაქვს პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და ვითხოვთ მკაცრ რეაგირებას კონკრეტული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალას გადაამეტეს. ჩვენი დაკავება მოხდა უკანონოდ“,-აცხადებს ხაბურზანია.
შეგახსენებთ, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.