რუსთაველის ეროვნულ თეატრში დღეს რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამო გაიმართება
18 დეკემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საღამო „რამაზ ჩხიკვაძე – 95“ გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, საიუბილეო საღამო მცდელობაა, მაყურებლის წინაშე სრულად აღდგეს და გაცოცხლდეს გენიოსი მსახიობის უნიკალური გარდასახვის უნარი, რასაც ხელს შეუწყობს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ამბის გადმოცემის განსაკუთრებული ოსტატობით, იქნება ერთგვარი ინტერაქცია, ნიკოლოზი კითხვებით მიმართავს მას, ჩანაწერის საშუალებით ცოცხლდება რამაზის პასუხები; ცოცხალი ორკესტრი – მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთაველისა და მოძრაობის თეატრის მსახიობები, რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმში დაცული კოსტიუმები და ესკიზები, აღდგენილი სცენები ეპოქალური სპექტაკლებიდან, „რიჩარდ მესამე“ და „მეფე ლირი“ და გოგი ალექსი მესხიშვილის საოცარი სცენოგრაფია: რამაზი მარადიულია – ისევე როგორც თეატრი.
„თეატრი და მსახიობობა რომ არ არსებულიყო, რამაზი მოიგონებდა ამ პროფესიას და გახდებოდა მსახიობი, მხოლოდ და მხოლოდ მსახიობი“, – აცხადებენ მისი მეგობრები წლების შემდეგ. როგორც ამბობენ, ეს სიტყვები სრულად გამოხატავს დიდი არტისტის, რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების არსს, მსახიობისა, რომელმაც სრულიად განსხვავებული კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი.