რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს, – ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რა იქნება უფრო ადრე – ევროკავშირი თუ ნატო, მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, უფრო მალე განვითარდეს, რადგან, სულ მცირე, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ გვინდა, უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის მოვლენა, რომელიც „სამი თავით მაღლა დგას, ვიდრე კანდიდატის სტატუსი“.
„ეს უკვე ფინიშის ხაზია“, – აღნიშნა მან.
სტეფანჩუკის თქმით, შემდეგ მხოლოდ უკრაინაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაივლის ამ გზას.