რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს

13:32, 19.06.2023

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს, – ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რა იქნება უფრო ადრე – ევროკავშირი თუ ნატო, მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, უფრო მალე განვითარდეს, რადგან, სულ მცირე, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ გვინდა, უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის მოვლენა, რომელიც „სამი თავით მაღლა დგას, ვიდრე კანდიდატის სტატუსი“.

„ეს უკვე ფინიშის ხაზია“, – აღნიშნა მან.

სტეფანჩუკის თქმით, შემდეგ მხოლოდ უკრაინაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაივლის ამ გზას.

 

მსგავსი