რუსლან აბაშიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავძლიოთ სირთულეები და შევუმსუბუქოთ პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომელიც ჩვენს ხელთაა. ეს რაუნდი არის განსაკუთრებით მძიმე რადგან ბოლო რაუნდის შემდეგ ტრაგიკული შემთხვევების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა და ეს ყველაფერი მოხდა იმ უკანონო ოკუპაციისა და შეზღუდვების გამო, რომელიც დაწესებულია საოკუპაციო ძალის მიერ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მდგომარეობა შეამსუბუქოს.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვიყენოთ მექანიზმები, რომელიც ხელთ გვაქვს, ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, დავძლიოთ სირთულეები და შევუმსუბუქოთ პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რათა გავუადვილოთ ისეთი ელემენტარული სერვისების მიღება მაინც, როგორიც არის პენსიის მიღება ან ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, მოლაპარაკებების ფორმატში ორივე სამუშაო ჯგუფში ჩავრთავთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რომ თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები გადავლახოთ“, – განაცხადა აბაშიძემ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.