რუსლან აბაშიძე - ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება
ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რთული პროცესი მიმდინარეობს.
„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს სოხუმში, ეს პროცესები არის დაწყებული არა გუშინ და გუშინწინ, ეს მიმდინარეობს დიდი ხანია და ამ პროცესების ძირითადი მიზეზი არის ოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჩავრთოთ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა. შესაბამისად, არც ერთ პროცესს, სადაც არის გათვალისწინებული საზოგადოების ჩართულობა, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია. ყველა ასეთი პროცესი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალა ეცდება ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება“, – განაცხადა აბაშიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ.