რუსი საფეხბურთო აგენტი - კვარაცხელია ევროპულმა გრანდებმა ნაკრებში ნახეს, რუსეთში ტალანტებს თითქმის არ ეძებენ #1TVSPORT
რუსი საფეხბურთო აგენტი - კვარაცხელია ევროპულმა გრანდებმა ნაკრებში ნახეს, რუსეთში ტალანტებს თითქმის არ ეძებენ #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტი ალექსანდრე მანიაკოვი მიიჩნევს, რომ „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული კლუბების დაინტერესება ძირითადად საქართველოს ნაკრებში მისი თამაშითაა განპირობებული.

„რუბინმა“ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციებს, რომ 20 წლის ფეხბურთელის გადაბირება „მილანს“, „ინტერს“, „იუვენტუსს“ და „ატალანტას“ სურთ, ხოლო ყაზანურმა კლუბმა მისი ღირებულება 19 მილიონ ევროდ შეაფასა. რუსული მედიასაშუალების აქცენტებიც ასეთია, თითქოს, ხვიჩასთვის ევროპაში წასვლა ადრეა ან მეორე – თითქოს კვარაცხელიას გრანდში არავინ მიიწვევს. ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ამ აქცენტების საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ ქართველი ტალანტისადმი ევროპაში ინტერესი არსებობს და რომ ეს ბუნებრივია.

„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ხვიჩას მსგავს ფეხბურთელებზე, ასეთი თვისებების მქონე მოთამაშეებზე, მსოფლიო ფეხბურთში დიდი მოთხოვნილებაა – სწრაფი დრიბლინგის მქონეებზე, რომლებიც გოლს პლუს პასის სისტემის შედეგიანობით გამოირჩევიან”, – წერს მანიაკოვი თავის ტელეგრამზე.

რუსი აგენტის თქმით, ქართველისადმი ევროპელთა დაინტერესება არა საკლუბო, არამედ მისმა სანაკრებო გამოსვლებმა განაპირობა.

„შეიძლება ჩანდეს, რომ კვარაცხელია ტოპ-კლუბისთვის ცოტათი ნედლია და კლუბში მხოლოდ პირველ მაგარ სეზონს ატარებს. მაგრამ საქართველოს ნაკრების მატჩები იყო სწორედ ის ვიტრინა, სადაც მას წამყვანი ევროპული გუნდების სკაუტებმა ყურადღება მიაქციეს. რაც უნდა სამწუხარო იყოს ჩვენთვის, უცხოელი გიგანტები რუსეთის ლიგაში ფეხბურთელებს თითქმის არ ეძებენ“.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინში“ 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მან 4 გოლი გაიტანა, 8 პასი გააკეთა, 3 პენალტი მოიპოვა, მატჩის მოთამაშედ კი 5-ჯერ დაასახელეს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეროვნულ გუნდში კვარაცხელიამ 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი, გააკეთა 2 საგოლე პასი და 2 პენალტი მოიპოვა, ხოლო მარტის მატჩებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მეორე ევროპული ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.