რუსი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ინფორმაციას მალავენ
რუსი პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი სოლოვეი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავენ.
მისი მტკიცებით, რუსეთის ფედერაციაში იანვრიდან დღემდე კორoნავირუსით სულ მცირე 1600 ადამიანია გარდაცვლილი. ეს განცხადება პოლიტოლოგმა „ეხო მასკვის“ ეთერში, 16 მარტს გააკეთა.
„ნუ დავიჯერებთ, რომ კორონავირუსი გვერდს უვლიდა ყინულოვან უდაბნოს სახელწოდებით რუსეთი. ეს აბსოლუტური ტყუილია. რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან მთელ ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა დადასტურებული რაოდენობა სულ მცირე 1600-ია“, – განაცხადა ვალერი სოლოვეიმ.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვის მიერ არის დადასტურებული ეს მონაცემები, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ ეს მონაცემები ანალიზებით არის დადასტურებული. ხოლო იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ფლობს ასეთ ინფორმაციას, სოლოვეი აღნიშნავს, რომ ყველა თანამდებობის პირს სინდისი არ დაუკარგავს.
„ყველა ჩინოსანს სინდისი არ დაუკარგავს. მათ იციან, რამდენად ტრაგიკულია ეს სიტუაცია. მათ სურდათ, რამენაირად გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია. ვინაიდან, ზოგადად, ინფექცია ახალგაზრდებსა და შუა ხნის ასაკის ადამიანებში ძალიან ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად 130-180 ათასით ფასდება. ინფექციის გავრცელების ასეთი დინამიკის პირობებში, 10 დღეში მათი რაოდენობა 1,5-დან 2 მილიონამდე იქნება. სხვათა შორის, ეს სრულად შეესაბამება იმას, რასაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ვადევნებთ თვალს. ინგლისელები საერთოდ ამბობენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. თუმცა, დიახ, გარდაცვლილთა რაოდენობას ჩვენთან მალავენ“, – განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ.