რუსი დეპუტატი - რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები
რუსი დეპუტატი - რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები

რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა.

ალექსეი ჩეპას თქმით, ადამიანის უფლებათა სფეროს მოსამართლეები რუსეთს არ აურჩევია.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში, არ აგვირჩევია მოსამართლეები ადამიანის უფლებების მიმართულებით და არ უნდა ვაღიაროთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ალექსეი ჩეპამ.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.