რუსი დეპუტატები - რუსეთი ევროსაბჭოს საწევროს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ორგანიზაციაში დაგვაბრუნებენ
რუსი დეპუტატები - რუსეთი ევროსაბჭოს საწევროს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ორგანიზაციაში დაგვაბრუნებენ

რუსეთი ევროსაბჭოს საწევრო გადასახადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მას ორგანიზაციაში დააბრუნებენ. ამის შესახებ განცხადება სტრასბურგში ვიზიტის დროს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციამ 2018 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადა, თუმცა დუმის წევრები საფრანგეთში მაინც ჩავიდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის სხდომაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექს-პრეზიდენტის სტელა კირიაკიდეს ინიციატივით შედგა.

მოლაპარაკებებს ესწრებოდა რუსეთის დუმის ზედა პალატას პირველი ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი და დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. აღსანიშნავია, რომ კოსაჩოვი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირის „შავ სიაში“ შეიყვანეს.

კომიტეტის სხდომა, სადაც რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნება განიხილებოდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმირ არიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტის წევრებმა ორგანიზაციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს. ამ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარია რეზოლუციაში, რომლის ავტორიც ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი მიკელე ნიკოლეტია.

როგორც „დოიჩე ველესთან“ საუბარში უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, სხდომაზე ნიკოლეტიმ ხაზი გაუსვა იმ სირთულეებზე, რომელსაც ევროსაბჭო აწყდება რუსეთის მიერ საწევროს გადახდის დაგვიანების გამო. გამოცემის ცნობით, საუბარია 22 მილიონი ევროს დანაკლისზე.

რუსი დეპუტატებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. ამასთან, როგორც რუსეთის დუმის ზედა პალატის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რუსეთი ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო გადასახადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ რუსეთის დელეგაციას ასამბლეაზე დააბრუნებენ.

„ჩვენ არ ვყიდულობთ ბილეთებს იმ კინოსეანსებზე, რომელსაც შემდეგ არ ვესწრებით“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკვე გაწერილია რუს დეპუტატებთან სამომავლო შეხვედრების გრაფიკიც. შემდეგი შეხვედრა მარტში უნდა გაიმართოს.