რუსი ბიზნესმენი და სენატორი სულეიმან კერიმოვი საფრანგეთში ხუთი მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსი ბიზნესმენი და სენატორი სულეიმან კერიმოვი საფრანგეთში ხუთი მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რუსი ბიზნესმენი და სენატორი სულეიმან კერიმოვი საფრანგეთში ხუთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის გარდა, მილიარდერს გადაადგილება შეუზღუდეს. მას საფრანგეთის ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის დატოვება და გარკვეულ პირებთან კონტაქტი აუკრძალეს. 51 წლის ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება. როგორც ქალაქ ნიცას პროკურორმა ჟან-მიშელ პრეტრმა განაცხადა, სენატორს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში წაუყენეს ბრალი.

სულეიმან კერიმოვი ფრანგმა სამართალდამცავებმა ნიცას აეროპორტში 20 ნოემბერს დააკავეს. როგორც სენატორი, კერიმოვი დიპლომატიურ იმუნიტეტს ფლობს, თუმცა ის საფრანგეთში პირად საქმეზე იმყოფებოდა.


51 წლის სულეიმან კერიმოვი 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტანს წარმოადგენს. რუსული „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 2017 წლის მონაცემებით, კერიმოვი 21-ე ადგილს იკავებს, მის ქონებას ჟურნალი 6,3 მილიარდ დოლარად აფასებს. კერიმოვების ოჯახს ეკუთვნის კომპანია „პოლიუსის“ აქციების 82,44%, ასევე მაჰაჩყალას საერთაშორისო აეროპორტი.

გამოცემა Nice Matin-ი მარტში წერდა, რომ თებერვალში ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ვილა სავარაუდოდ ბიზნესმენ კერიმოვს ეკუთვნის. სახლის ავტოფარეხში აღმოჩენილია Ferrari-სა და Bugatti-ს ავტომობილები. ოფიციალურად ვილის მფლობელია შვეიცარიელი ფინანსისტი ალექსანდერ შტუდჰალტერი, თუმცა ფრანგი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის ქონების ფიქტიური მესაკუთრეა. კერიმოვის თანაშემწემ მაშინ განაცხადა, რომ სენატორი რუსეთის ფარგლებს გარეთ უძრავ ქონებას არ ფლობს.