ბადრი ჯაფარიძე - ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი გაზრდის დაძაბულობას, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მათი პროექტიდან უცნაური ჩანაწერები ამოიღონ
ბადრი ჯაფარიძე - ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი გაზრდის დაძაბულობას, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მათი პროექტიდან უცნაური ჩანაწერები ამოიღონ

ეს არ არის შინაარსობრივი გირაო, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს ვითარების შემდგომ დეესკალაციას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციას, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

„ეს არ არის ტიპური, სტანდარტული გირაო, ეს არის ევროკავშირის თავდებობა ნიკა მელიას მიმართ, ესაა უპრეცედენტო ინსტრუმენტი, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა, რაც არ შეიძლება, გირაომდე იქნას დაყვანილი. ეს არ არის შინაარსობრივი გირაო, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს ვითარების შემდგომ დეესკალაციას, არ შეიძლებოდა, ნიკა მელია უსასრულოდ ყოფილიყო ციხეში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ დაინიცირებულ კანონპროექტებს, ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი დაძაბულობას გაზრდის.

„ჩვენ გვაქვს ამნისტიის კანონპროეტის ინიცირების ვალდებულება, ჩვენ ეს ვალდებულება შევასრულეთ, ჩვენი კანონპროექტი დაინიცირდა. ვერ შევჯერდით „ქართულ ოცნებასთან“, ყველამ ვიცით, რა პრობლემები აქვს „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ის უცნაური ჩანაწერები, რაც გაჩნდა „ქართული ოცნების“ პროექტში, იქნას ამოღებული, საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული ამ კანონპროექტის განხილვაში, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კანონპროექტმა დაძაბულობა დააცხროს. „ქართული იცნების“ კანონპროექტი გაზრდის დაძაბულობას. ჩვენ ჩვენს კანონპროექტში ჩავწერეთ ისეთი ჩამკეტები, რომლებიც სრულიად გამორიცხავს ისეთი ადამიანების ამნისტირებას, რომელსაც შეიძლება, ბრალი ჰქონდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დაზიანების მიყენებაში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი