რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული
რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ინციდენტი არხანგელსკის ოლქში, რეაქტიული ძრავის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მიმდინარე ცდების დროს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები „როსატომის“ თანამშრომლები იყვნენ. დაშავებულებს აფეთქების შედეგად სხეულის ძლიერი დამწვრობები აქვთ მიღებული.
სოფელ ნიონკსასთან ახლოს მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელ მოწყობილობაზე ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა რამდენიმე ათეულ წუთში რადიაციის დონე დაეცა.
მიმდინარე კვირაში ეს რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფეთქების მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ ციმბირის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა.