ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია - არ ვიცოდი, თუ ჩემი ტაძარში მოსვლა დაპირისპირებას გამოიწვევდა, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად პროვოცირებული
ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია - არ ვიცოდი, თუ ჩემი ტაძარში მოსვლა დაპირისპირებას გამოიწვევდა, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად პროვოცირებული

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას განცხადებით, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სალოცავად მივიდა.

„სალოცავად მოვედი და დღესასწაული მივულოცე. გილოცავთ თქვენც, მთელ სალხინოს და აქაურ ეპარქიას, მთლიანად საქართველოს. ბრალდებებზე მაგათ ჰკითხეთ, რას მაბრალებენ, არ ვიცი. ზეიმია, მოვედით და მოგილოცეთ“, – აღნიშნა კლიმენტი კეკუტიამ.

კეკუტიას თქმით, მის მიმართ ბრალდებები ტერიტორიის დაპატრონებასთან დაკავშირებით, სასაცილოა.

„სიცრუეა, ძალიან მეცინება. საქართველოს ერთ-ერთი დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება, ეს მე მინდოდეს. ამას ალბათ ისინი ავრცელებენ, ვისაც უნდა, რომ დაეპატრონოს ან უნდოდათ. ორჯერ ორი ოთხია, დალაგდება ყველაფერი“, – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ ტაძარში მისი მისვლა დაპირისპირებას გამოიწვევდა.

„ნამდვილად არ ვიცოდი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად პროვოცირებულია ზემოდან, პატარა სათამაშოს უკან გასაღები რომ აქვს, ერთი ადამიანი ისე მართავს ამ საცოდავებს და უფსკრულში გადაჩეხავს, ნახავთ მალე. მეუფე არა, პეტრე ცაავაა ეგ. დღეს დღესასწაული იყო და იმიტომ მოვედი აქ“, – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.