რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოებში 40-მდე დაშავებულია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 70-მდე ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი.
სავაჭრო ცენტრში ასევე განთავსებული იყო ზოოპარკი, რომელშიც 25 სახეობის 200-მდე ცხოველი ჰყავდათ. ზოოპარკის დირექტორის, ევგენი ვიდემანის განცხადებით, დიდი ალბათობით, ხანძრის შედეგად ყველა ცხოველი დაიღუპა. მისივე თქმით, ცხოველების გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.