„როსსელხოზნადზორმა“ ბელარუსიდან რუსეთში ვაშლისა და მსხლის იმპორტი აკრძალა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სანიტარული უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აკრძალვა 12 აპრილიდან შევა ძალაში და როგორც უწყებაში განმარტავენ, შენარჩუნდება შექმნილი სიტუაციის დარეგულირებამდე.
რუსული მედიის ცნობით, აპრილის პირველი კვირის განმავლობაში რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე გააჩერეს 39 ავტომობილი სასანქციო პროდუქციით ფიტოსანიტარული დოკუმენტების გარეშე,მათგან 36 ვაშლითა და მსხლით იყო დატვირთული.
„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ გამუდმებით არის ბელარუსიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის მინსკის მიერ გაცემული ფიტოსანიტარული სერტიფიკატებით შეტანის მცდელობა, რომლებიც წარმომავლობის ქვეყანაზე ყალბ მონაცემებს მოიცავს. რუსული მხარის განცხადებით, ამგვარი შემთხვევები ადასტურებს კონტროლის არარსებობას და აღნიშნული სერტიფიცირებისადმი ნდობას ლახავს.