რუსეთმა კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ირინა ვოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლის თქმით, ონიანი შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანეს და ესპანელ სამართალამცველებს გადასცეს. ესპანეთში ექსტრადირების პროცესს აქამდე ტარიელ ონიანის რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო, რის გამოც ის მას ჩამოერთვა. ტარიელ ონიანის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად ცნეს.
ტარიელ ონიანი რუსეთში 2009 წელს დააკავეს. გამოსასყიდის მიღების მიზნით რუსი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით კრიმინალურ ავტორიტეტს 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მიმდინარე წლის აპრილში ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ დააკავეს როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე. ესპანეთში მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.