რუსეთმა ქალაქ ოდესის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის მიმართულებით სულ მცირე ოთხი რაკეტა იყო გასროლილი. რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. სულ მცირე ერთი რაკეტა მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და მეხანძრეები მუშაობენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი არის ტერორი. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული და შესაბამისად უნდა მოეპყრან. არავითარი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, არანაირი კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან ქალაქებზე ”, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.