რუსეთმა ავღანეთის საკითხის განსახილველად მოსკოვში „თალიბანის“ მიწვევა გადაწყვიტა
რუსეთმა ავღანეთის საკითხის განსახილველად მოსკოვში „თალიბანის“ მიწვევა გადაწყვიტა.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ მოწვევას გაუგზავნის, ავღანეთთან დაკავშირებით, ე.წ. მოსკოვის ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი მოსკოვში. ინფორმაცია ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ კაბულოვმა დაუდასტურა.
ჯერ არ არის ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს „თალიბანის“ დელეგაციას. გარდა ამისა, კაბულოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია და ამჟამად მიწოდების ვადები დგინდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა განაცხადა, რომ მოძრაობა მოსკოვთან ურთიერთობების მაღალ დონეზე განვითარებას გეგმავს.
მოსკოვის ფორმატი 2017 წელს შეიქმნა, რომელშიც რუსეთი, ავღანეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი და ინდოეთი შედიან.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მოსკოვში შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთის რეკონსტრუქცია იქნება.