რუსეთისა და უკრაინის რამდენიმე მოქალაქემ საქართველოს მხარდასაჭერად აქცია გამართა
რუსეთისა და უკრაინის რამდენიმე მოქალაქემ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს მხარდასაჭერად აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას, მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ რუსულ პროპაგანდას და დაისვენონ საქართველოში. მათი თქმით, აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა.
„აქ მოვედით რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება რუსეთისა და საქართველოს შორის მიმდინარე მოვლენებზე. მნიშვნელოვანი რამ, მინდა ვუთხრა მათ, ვინც უყურებს და კითხულობს ინფორმაციას რუსეთში, რომ საქართველოში სიმშვიდეა. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში მისი კულტურის, ისტორიის, ბუნების შესასწავლად და თუ თქვენი გული ღიაა, თქვენ მოგექცევიან სიყვარულით.
მე აქ ექვსი თვეა ვცხოვრობ და ვხედავ, როგორი მეგობრულები არიან ქართველები. მე შემიძლია ვიდგე თბილისში და დავსვა კითხვები რუსულად თავისუფლად, თუნდაც სვანეთში ან ბათუმში. არავინ არ მიქმნის პრობლემას მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვსაუბრობ რუსულად. არ დაუჯეროთ რუსულ პროპაგანდას, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლევშიც ნიკალაიკმა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ქონდათ ტრანსფარანტები: „დაიღალეთ პუტინისგან? დაისვენე საქართველოში“, „დაიმახსოვრე კრემლო და პუტინო: – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, „პუტინს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“.