რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, მკვლელობის შემსრულებელი კი ამ დროისთვის ესტონეთში იმყოფება
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნატალია ვოვკი რუსეთში მიმდინარე წლის 22 ივლისს ჩავიდა თავის შვილთან, სოფია შაბანთან ერთად.
„მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado მარკის ავტომანქანის აფეთქების შემდეგ, რომელსაც მართავდა დუგინა, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდნენ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.