რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალების სრული კონტროლის ქვეშ 12 იანვრის საღამოს გადავიდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალების სრული კონტროლის ქვეშ 12 იანვრის საღამოს გადავიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალების სრული კონტროლის ქვეშ 12 იანვრის საღამოს გადავიდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოლედარის დაკავება რუსეთს საშუალებას მისცემს, სრულად დაბლოკონ ბახმუტში უკრაინის ძალების მომარაგების გზები და ალყაში მოაქციონ იქ მყოფი უკრაინული დანაყოფები.

დღეს დილით უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული ღამე სოლედარში მძიმე იყო, უკრაინელი დამცველები შეუპოვრად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას და შეტაკებები გრძელდება.

ამასთან, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქ სოლედარის დიდ ნაწილს და, შესაძლოა, მთელ ტერიტორიასაც.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ორი დღით ადრე, სოლედარის დაკავების შესახებ კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომლის დაქირავებული მებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ სოლედარისთვის ბრძოლებში, თუმცა მაშინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული არ დაადასტურა.