რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში უკმაყოფილება მოჰყვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში უკმაყოფილება მოჰყვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში უთანხმოება და უკმაყოფილება მოჰყვა.

კერძოდ, 6 მაისს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პირველად აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მაისის დღესასწაულების პერიოდში, 10 მასშტაბურ ღონისძიებაზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“.

ამის შემდეგ ორგანიზაცია „აფსხარამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა.

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფსხარა“ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, რუსი სამხედროები მასობრივი საზეიმო ღონისძიებების ადგილებში სამართალწესრიგს გააკონტროლებენ. ჩვენ განვიხილავთ ამას როგორც პროვოკაციას და ველოდებით ხელისუფლებისგან გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას“, – აღნიშნულია „აფსხარას“ განცხადებაში.

მალევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ მაისის ღონისძიებებზე აფხაზეთში უსაფრთხოებას რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფები დაიცავდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უსაფრთხოებას აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლობს ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას მოქალაქეებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.