რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებმა 24 თებერვალს დაიკავეს.
მისი განცხადებით, უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაცვის ბატალიონის სამხედროებთან მიღწეულია შეთანხმება სადგურის ენერგობლოკებისა და დამცავი სარკოფაგის უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის თაობაზე.
როგორც კონაშენკოვმა აღნიშნა, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ ისარგებლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბირთვული პროვოკაციების მოსაწყობად.
„რადიოაქტიური ფონი ბირთვული ელექტროსადგურის რაიონში ნორმაშია“, – აღნიშნა კონაშენკოვმა.
ამავე დროს, უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონის ზრდა შეინიშნება. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა აღნიშნულ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და საბრძოლო მოქმედებების გამო.