რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებელი არ არის
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებელი არ არის. თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაცია აღნიშნულ რეგიონში არ გააქტიურებულა. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რეგიონში, სადაც ავიაიერიში განხორციელდა, თურქი სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა ყოფილიყვნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ თურქ კოლეგებთან შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ. ამასთან ერთად, განცხადებაში განმარტებულია, რომ მას შემდეგ, რაც თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაშავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რუსეთმა სირიელი სამხედროების მიერ ცეცხლის შესაწყვეტად ყველა ზომას მიმართეს.
„ბიბისის“ ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი მეტი იყოს. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.
სირიის არმია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, გაათავისუფლოს იდლიბი სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს.
იდლიბი სირიის ბოლო რეგიონია, რომელსაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.