რუსეთის შსს - მოსკოვში, ფაბრიკის შენობაში ცეცხლი საწარმოს დირექტორმა გახსნა
მოსკოვში სროლის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაბრიკა „მენშევიკის“ შენობაში ამავე საწარმოს დირექტორი ილია ავერიანოვი ისროდა. სროლის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი.
სპეცრაზმმა ფაბრიკის ტერიტორია გაჩხრიკა, თუმცა ბოროტმოქმედი ვერ აღმოაჩინა. დედაქალაქის პოლიციამ საგანგებო ოპერაცია წამოიწყო, რომლის მიზანიც ბოროტმოქმედის დაკავებაა.
როგორც ირკვევა, ავერიანოვმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც ფაბრიკაში სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ. ისინი საწარმოს ვალის ამოღებას ცდილობდნენ. ამ დროს დირექტორმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და რამდენჯერმე გაისროლა.
სროლის დაიღუპა ფაბრიკის დარაჯი ალექსეი კოსტიკოვი, რომელიც დირექტორის გაჩერებას ცდილობდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამის შემდეგ, დირექტორმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. პოლიციაში ეს ინფორმაცია უარყვეს.
სამართალდამცველები შენობაში შტურმით შევიდნენ. მათ მთელი შენობა გაჩხრიკეს, თუმცა დირექტორი ვერ იპოვეს. ამჟამად მისი ძებნა მოსკოვის ტერიტორიაზე გრძელდება.
შენობაში ნაპოვნია იარაღი, რომლითაც გასროლა განხორციელდა. თავად ძებნილი მანამდე ერთ-ერთ რადიოსადგურს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მან თავდაცვის მიზნით გაისროლა. მისივე თქმით, საწარმო უკანონოდ ჩამოართვეს.