ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა. საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. კონსტანტინე კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ დელეგაცია ცხინვალში ორივე პალატის ხელმძღვანელობის სახელით ჩავიდა, რათა ვიზიტი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების მექანიზმის დასაწყებად გამოიყენონ.
რუსეთის დელეგაციაში შედიან რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი კრიმ კაზანოკოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ოლეგ სელეზნევი, სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დსთ-ის საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში კაზბეკ ტაისაევი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი და თანმხლები ოფიცერი მიხეილ სინიცინი.