რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სირიაში რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ სირიაში რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების ათობით მოქალაქე დაშავდა, რამდენიმე კი, დაიღუპა. როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური იტყობინება, უწყება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.
“ბოლო დროს მომხდარი სამხედრო შეტაკებისას, რომელშიც არ მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედროები და არ იყო გამოყენებული საშტატო ტექნიკური საშუალებები, არიან გარდაცვლილები რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეები, ასევე, არის რამდენიმე ათეული დაშავებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყება აღნიშნავს, სირიაში იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იქ საკუთარი ნებითა და სხვადასხვა მიზნით გაემგზავრნენ. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშს სავარაუდოდ, რუსეთის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის სამხედროები არ ყოფილან.
გასულ კვირაში დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიციის მიერ 7 თებერვალს განხორციელებულ ავიადარტყმას სირიაში კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანიის 100-მდე დაქირავებული მებრძოლი ემსხვერპლა. სერგეი ლავროვმა აღნიშნულ ინფორმაციას ომის თემაზე სპეკულირების მცდელობა უწოდა, რაც, მისი თქმით, არაკორექტულია.