რუსეთის საგარეო უწყებაში საბერძნეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადეს
რუსეთის საგარეო უწყებაში საბერძნეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს და ათენის ანტირუსული განცხადებების გამო, პროტესტი გამოუცხადეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

გასულ კვირაში საბერძნეთმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ათენმა ისინი მაკედონიის სახელის ცვლილების შესახებ სკოპიესთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა კიდევ ორ რუს მაღალჩინოსანს აუკრძალა.

საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევებას მოსკოვის მხრიდან ანალოგიური ზომები მოჰყვება. რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საბერძნეთმა დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლით მიიღო. თავის მხრივ, საბერძნეთმა რუსეთი ქვეყნისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.