რუსეთის საგარეო უწყება - თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებული, სავალდებულო ხელშეკრულების აუცილებლობა ნაკარნახევია მათ შორის, ამიერკავკასიაში აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტივობის ზრდით
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი და მისი მოკავშირეები დისკუსიების მთავარ ამოცანად სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებენ, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის, რომელიც ძალის გამოუყენებლობას უკავშირდება.
„ასეთი დოკუმენტის საგანგებო აუცილებლობა ნაკარნახევია, მათ შორის, ამიერკავკასიაში შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტივობის ზრდით, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს იძულებითი ინტეგრაციის გეგმებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიის მონაწილეების შეფასებით, გამყოფ ხაზთან სიტუაცია კონტროლირებადია და დაძაბულობის შემდგომ შემცირებას, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის ადრეულ დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით“.
„ამ ამოცანის განხორციელება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემდა ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისის ანტირუსული რიტორიკა და სოხუმის და ცხინვალის იზოლაცია კონტრპროდუქტიულია, რაც ჰუმანიტარული ჯგუფების მუშაობას აფერხებს.
„კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიზებულ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად წარუდგენს საქართველო გაერო-ს გენერალურ ასამბლეას განსახილველად, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლევათ უფლება, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება ნიუ-იორკში ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაიმართება.