რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ეხმაურება. შესაბამის კომენტარს სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

რუსული მხარე ქართულ ვებგვერდებზე, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე რუსეთის ფართომასშტაბური კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დადგმულს უწოდებს, ბრალდებას კი უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს.

„ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა. თითქმის ოთხი თვე დასჭირდათ იმისთვის, რათა რუსეთის დამნაშავედ წარმოჩენა ეცადათ ინციდენტის გამო, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა გასული წლის 28 ოქტომბერს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ყველა ბრალდება რუსული მხარის მისამართით კვლავ ვარაუდის დონეზე ისმის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებში შედის, თუმცა გარკვეულ ძალებს ეს არ აწყობთ.

„სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ, უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი გამოიტანონ. ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს ფენს ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც ისედაც მარტივი არ არის. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს. გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.