რუსეთის საგარეო უწყება - რთულ ვითარებაში, რაც გამოწვეულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებით, უპირველესი ამოცანაა ბირთვულ სახელმწიფოთა სამხედრო შეტაკების დაუშვებლობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვან ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკება. უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარს უჭერს გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სთხოვს ბირთვული ხუთეულის ქვეყნებს, არ წააქეზონ პროვოკაციები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დოქტრინით, „ბირთვული იარაღის გამოყენებით რეაგირება ჰიპოთეტურად დაშვებულია რუსეთის მიერ მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით აგრესიაზე საპასუხოდ, ან ნებისმიერ აგრესიაზე ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, როდესაც საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას“.
„მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ამჟამინდელ რთულ და ტურბულენტურ სიტუაციაში, რაც გამოწვეულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო და თავხედური ქმედებებით, უპირველესი ამოცანა ხდება ბირთვული სახელმწიფოების ნებისმიერი სამხედრო შეტაკების დაუშვებლობა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს ბირთვული ხუთეულის სხვა ქვეყნებს, საქმით აჩვენონ მზადყოფნა, იმუშაონ ამ პრიორიტეტული ამოცანის გადწყვეტაზე და უარი თქვან ერთმანეთის ინტერესების ხელყოფის საშიშ მცდელობებზე.