რუსეთის საგარეო უწყება - მზად ვართ, მოლდოვის ახალ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ
რუსეთის საგარეო უწყება - მზად ვართ, მოლდოვის ახალ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ

რუსეთი მზადაა, მოლდოვის ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიშინიოვში სიტუაციის ნორმალიზაციას ელოდებიან.

„მოსკოვი მიესალმება მოლდოვაში ახალი სამთავრობო კოალიციის ფორმირებას. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობის უწყებებთან, რათა აღვადგინოთ რუსეთ-მოლდოვის ურთიერთსასარგებლო კავშირი სხვადასხვა სფეროში, რასაც ითვალისწინებს 2001 წელს ორი ქვეყნის მიერ გაფორმებული მეგობრობის შესახებ შეთანხმება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მოსკოვში აცხადებენ, რომ მოლდოვაში შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.

შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. თავის მხრივ, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

პარლამენტში ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის წევრები ამ განკარგულებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ წინა მთავრობა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას არ აპირებს და „ხელისუფლების უზურპაციას ახდენს“. პარლამენტში „ხელისუფლების მიტაცების შესახებ“ დოკუმენტიც მიიღეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, შექმნილ მდგომარეობაში დახმარებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა.