რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლობის გააქტიურებაზე საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ
მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების უფლება აქვთ,- ასეთი განცხადებით გამოეხმაურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთმა, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მათ საპასუხო აქტივობის უფლებას ხაზი გაუსვეს.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, „საქართველოს წარმომადგენლების გარდა, დისკუსიის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო ზონაში ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. ამას ცხადყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან არსებული საზღვრების სტატისტიკა.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების დროს საქართველოს მხარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხარდაჭერით სერიოზული სამუშაოს ჩანაცვლებას აგრესიული პოლიტიკური პიარით ცდილობდა. საგარეო უწყების განმარტებით, ოფიციალური თბილისი საკუთარი მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტის პოლიტიზირებით პლუსების დაწერას ცდილობდა.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი 19 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. განხილვის მთავარი თემები საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე იყო. თუმცა მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.