რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე დადასტურდა ჟენევის დისკუსიების, როგორც „საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესანარჩუნებელი მოსალაპარაკებელი პლატფორმის“ შეფასებისადმი ერთიანი მიდგომა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დღის წესრიგის მიმდინარე საკითხების განხილვის ფარგლებში, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა პრიორიტეტული ყურადღების კონცენტრირება ჟენევის დისკუსიების მაგისტრალურ თემაზე მოახდინეს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება“.
„რუსეთისა და მისი მოკავშირეების აზრით, ამ საკვანძო ამოცანის გადაწყვეტა მხოლოდ შესაძლებელია ერთი მხრიდან თბილისის, ხოლო მეორე მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების პირობებში. მოცემული დოკუმენტის აქტუალობა იზრდება საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის აუზის სამხედრო „ათვისებისკენ“ მიმართული აშშ-ისა და ნატო-ს კონკრეტული ქმედებების ფონზე, რაზეც ნათლად მეტყველებს ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გამართული ალიანსის მორიგი სამიტის შედეგები, ასევე შავ ზღვაში ამჟამად მიმდინარე ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება „სი ბრიზი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
„ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხერეთოსურ საზღვრისპირეთში ზოგადი ვითარება სტაბილური რჩება. მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში გამოდიან ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობიდან. საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფი დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით ამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე თანამშრომლობას რეალურად წაწევდა წინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა აღნიშნეს თბილისის კონფრონტაციული ხაზის კონტრპროდუქტიულობა, რაც ხელს უშლის პროგრესულ მუშაობას, მათ შორის ჰუმანიტარულ ჯგუფში.
„დისკუსიების რაუნდის წინ საქართველომ კვლავ წარადგინა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ღიად პოლიტიზებული რეზოლუცია დევნილებისა და ლტოლვილების საკითხზე. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ არ აქვთ უფლება, წარადგინონ ნიუ იორკში თვალსაზრისი ამ საკითხზე, აღნიშნული პრობლემის განხილვა ჟენევის ფორმატში კვლავ შეუძლებელი გახდა“, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეები ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართვაზე შეთანხმდნენ.