რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. რუსეთის ხელისუფლება იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს კორესპონდენტს, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციას აშუქებს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.
სამინისტროს განცხადებით, „ელჩს მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს გადამღები ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკანონოდ შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე უკრაინელი მებრძოლების დანაშაულებრივი ტერორისტული თავდასხმის გასაშუქებლად“. უწყების შეფასებით, იტალიელმა კორესპონდენტებმა უხეშად დაარღვიეს რუსეთის კანონმდებლობა და ჟურნალისტური ეთიკა.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, იტალიის ელჩმა, სესილია პიჩიონიმ რუსეთის ხელისუფლებას განუმარტა, რომ ტელეკომპანია RAI და მისი გადამღები ჯგუფები თავიანთ საქმიანობას სრულიად დამოუკიდებლად გეგმავენ.
ტელეკომპანია RAI პირველი უცხოური მედიასაშუალება იყო, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ სუჯიდან რეპორტაჟი მოამზადა.