რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გმობენ ირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას და აცხადებენ, რომ მომხდარი დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს
რუსეთის ფედერაცია ირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას გმობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰანიეს მკვლელობას „სრულად მიუღებელ პოლიტიკურ მკვლელობას“ უწოდებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა „დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“.
როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.