რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 13 სექტემბერს, ღამით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ რაიონებში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.
„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.