რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება პირველ ადგილზეა და რუსეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს საერთაშორისო სამართალს პატივი სცენ, მაგრამ თუ ასეთი პოზიცია შედეგს ვერ გამოიღებს, საზღვრების დასაცავად რუსეთს შეიარაღებული ძალების გამოყენება შეუძლია.

„თუ ჩვენს კოლეგებს არ ესმით, ჩვენ შეგვიძლია დავბომბოთ არა მხოლოდ კურსი, არამედ სამიზნეებიც“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ანექსირებული ყირიმის მახლობლად ბრიტანეთის სამხედრო გემს და რუსეთის ხომალდებს შორის ინციდენტი 23 ივნისს მოხდა. რუსეთმა ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ბრიტანეთის ხომალდის კურსის მიმართულებით ოთხი ბომბი ისროლა.