რუსეთის პროფკავშირებმა საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყეს
რუსეთის პროფკავშირებმა საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყეს. გაერთიანება „რუსეთის შრომის კონფედერაციის“ წევრები, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, სპეციალური შტაბის შექმნას გეგმავენ, რომელიც საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეების მოქმედების კოორდინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით უხელმძღვანელებს.
პროფკავშირების მიერ ორგანიზებული შტაბის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოთქვეს საპარლამენტო ოპოზიციურმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ, „სამართლიანმა რუსეთმა“ და კომუნისტურმა პარტიამ.
გაერთიანება „რუსეთის შრომის კონფედერაციამ“ გასულ კვირას საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციაც გამოაქვეყნა, რომელმაც უკვე მილიონზე მეტი მხარდამჭერი მოიპოვა.
14 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთში 2028 წლისთვის მამაკაცების საპენსიო ასაკი 60-დან 65-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ქალებს, 2034 წლისთვის მათი საპენსიო ასაკი, 55-ის ნაცვლად, 60 წელი იქნება.