ვლადიმერ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა
ვლადიმერ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების თანახმად, რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას.

დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო კოალიციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება, როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია.

ახალი დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად რუსეთზე.

ბირთვულ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ. ესენია: სახელმწიფოები, ბლოკები და ალიანსები, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.

ბირთვული დოქტრინის მიხედვით, სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა, ასევე რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ღონისძიებაა.