ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრებენ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერის შეხვედრაზე.
სებასტიან კურცსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა პირველად გაიმართება.
ავსტრიის ფედერალური კანცლერი რუსეთს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერი ასევე ისაუბრებს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
„რუსეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელია და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი. მშვიდობის მიღწევა რუსეთთან ერთადაა შესაძლებელი და არა მის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ბლოკური აზროვნება და ხელახლა გავიაზროთ რუსეთთან ურთიერთობის ტენდენციები“ – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის ოფისის განცხადებაში.
პარალელურად, ვენაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე კურცი დაადასტურებს ევროკავშირის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სანქციები მინსკის ხელშეკრულების სრულ შესრულებამდე შენარჩუნდება.