რუსეთის პრემიერ-მინისტრის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ რუს დიპლომატს საპროტესტო ნოტას გადასცემენ.
გასულ კვირაში რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა შორეული აღმოსავლეთის და ციმბირის ფედერალურ ოლქებში სამუშო ვიზიტი დაიწყო და იაპონიასთან სადავო კუნძულზე ჩავიდა.
ვიზიტის დაწყებამდე, იაპონიის მთავრობამ მოსკოვს მიმართა, რომ მიხაილ მიშუსტინი სადავო კუნძულზე არ ჩასულიყო. იაპონიის მთავრობის მდივანი, კაცუნობუ კატო აცხადებს, რომ მიშუსტინის კუნძულზე ვიზიტი ჩრდილოეთის ტერიტორიების მიმართ იაპონიის მუდმივ პოზიციას ეწინააღმდეგება და ძალიან სამწუხაროა.
კურილის კუნძულები, რომელსაც იაპონია ჩრდილოეთის ტერიტორიებად მოიხსენიებს, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ მიიტაცა. იაპონია კუნძულებზე პრეტენზიას 1855 წელს რუსეთთან ვაჭრობის და საზღვრების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აცხადებს. ტოკიო თანახმაა რუსეთთან სამშვიდობო მას შემდეგ გააფორმოს, რაც მოსკოვი კუნძულებს დააბრუნებს.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც მოსკოვი დათანხმდა განიხილოს ორი კუნძულის იაპონიისთვის გადაცემის შესაძლებლობა სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში.