რუსეთის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა
რუსეთის მოთხოვნით უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა. რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში, ვასილ ნებენზიამ განაცხადა, რომ ქალაქ ბელგოროდში უკრაინის თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„მალტის წარმომადგენელმა დღეს ისაუბრა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. მინდა, დავსვა კითხვა: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, განზრახ მოკლას მშვიდობიანი მოქალაქეები?საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინა თავს იცავს გაერო-ს წესდების 50-ე მუხლის შესაბამისად. სამხედროებს არ ევალებათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ამას უკრაინა გაერო-ს წესდების 50-ე მუხლის საფუძველზე აკეთებს? ჩვენ მიზანმიმართულად არ ვმართავთ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნებენზიამ.
შეხვედრის დროს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ხიარიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღამით გაიზარდა.
საფრანგეთის წარმომადგენელმა გაერო-ში, ნიკოლას დე რივიერამ აღნიშნა, რომ უკრაინა გაერო-ს წესდების სრული დაცვით იცავს თავს.
„საბოლოოდ, ძნელია არ შეამჩნიო ის უხეში ოსტატობა, რომ დღევანდელი შეხვედრის მოწვევა არის გზა, რომ რუსეთმა უპასუხოს გუშინ უკრაინის მოთხოვნით გამართულ შეხვედრას. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთი, მუდმივი წევრი, აგრძელებს უშიშროების საბჭოს სამუშაოს ექსპლუატაციას. უკრაინა იცავს თავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით“, – განაცხადა რივიერამ.